პაპუაშვილი: ევროკომისიის ანგარიში მეტყველებს ევროკავშირის და არა საქართველოს რეგრესზე

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiyევროკომისიის შენობა
ევროკომისიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2025
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახლა ბრიუსელი ცდილობს, ითამაშოს ღირებულებებზე აპელირებით, მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობასა და ხალხს აქვს ნამდვილი პასუხი მათ მოთხოვნებზე
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საზოგადოება ბრიუსელის მხრიდან ევროპული ღირებულებებისგან დისტანცირების მოწმე ხდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროპული საბჭოს 2024 წლის გადაწყვეტილების შემდეგ, საბაზისო საკითხებზე საქართველოს მიმდინარე უკუსვლის ფონზე, ევროკომისია საქართველოს მხოლოდ სახელით მიიჩნევს კანდიდატ ქვეყნად.
„დღეს ისტორიის ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმენი ვართ, როდესაც ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს. ბრიუსელი შორდება თავის დანაპირებსა და საფუძვლებს, რომ დაიცვას ის ევროპული ღირებულებები, რომელთა განსამტკიცებლად იგი თავდაპირველად შეიქმნა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის ნაცვლად არსებობს იდეოლოგიზებული ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ცდილობს გააჩუმოს კრიტიკოსები და გააუქმოს ოპონენტები, თანაც ისე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მისაღებად მიიჩნევს.
„ბიუროკრატია, რომელიც გაიჟღინთა ფარული პოლიტიკური დღის წესრიგით, ქედმაღლური დამოკიდებულებითა და უპატივცემულობით ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბრმა მორჩილებას არ ავლენს, ცდილობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებასა და სახელმწიფოს მართვის სუვერენული უფლებით სარგებლობას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამის კარგი მაგალითია ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში საქართველოზე, სადაც „ორგანულად ერწყმის ერთმანეთს გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, მტრული რიტორიკა და გამიზნული მავნებლობა".
„ეს არის ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან. ზუსტად ამგვარი, უკვე ტრადიციად ქცეული სულისკვეთებითაა წარმოდგენილი ევროკავშირის გაფართოების დღევანდელი ანგარიშიც, სადაც საქართველოს მონაკვეთი თეთრი ძაფითაა ნაკერი", - განაცხადა პაპიაშვილმა.
მისი თქმით, ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა.
„სწორედ ამიტომ გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა განსაკუთრებით გამოჩნდა 2022 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აშკარად იყო და არის მოლდოვასა და უკრაინაზე წინ ევროკავშირთან ინტეგრაციის ყველა ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით.
„ღირებულებებში უკუსვლა აშკარაა იმაშიც, რასაც ბრიუსელი აკეთებს საქართველოში, როდესაც მხარს უჭერს ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ სიძულვილის ენას შერიგების ნაცვლად; პოლარიზაციას კონსენსუსის ნაცვლად; ძალადობას დიალოგის ნაცვლად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს ღირსეული პასუხი ბრიუსელისთვის.
„ახლა ბრიუსელი ცდილობს, ითამაშოს ღირებულებებზე აპელირებით, მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობასა და ხალხს აქვს ნამდვილი პასუხი მათ მოთხოვნებზე, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას: ეს არის ქართული და ევროპული ღირებულებები – ტოლერანტობა, კანონის უზენაესობა, მშვიდობის პატივისცემა და განვითრება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო უარს არ იტყვის მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი.
„საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს, არამედ იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიც ევროპული ღირებულებების დაბრუნებაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
რა წერია ანგარიშში
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით აღინიშნა.
„საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები შემოიღო, რამაც სერიოზულად შეარყია დემოკრატიული პროცესები და ფაქტობრივად აღმოფხვრა მოქალაქეთა მონაწილეობა და კონტროლისა და ბალანსის სისტემა", - ნათქვამია ანგარიშში.
განსაკუთრებული კრიტიკის საგანი გახდა მთავრობის ბოლო ერთი წლის მანძილზე ქმედებები. ევროკომისიის განცხადებით, ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია კომისიის მიერ 2023 წლის გაფართოების კომუნიკეში დაფიქსირებული ძირითადი რეფორმების (ცხრა ნაბიჯი) შესრულების შესახებ, რასაც საქართველოს გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს პროგრესი და რეგრესი
ევროკომისია აღნიშნავს საქართველოს პროგრესს უმეტეს სფეროში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკასა და მართლმსაჯულებაში.
ამასთან, ევროკავშირი უკმაყოფილოა იმით, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთის, ბელარუსის და ირანის წინააღმდეგ მიღებული შემზღუდავი ზომების აბსოლუტურ უმრავლესობას და არ მონაწილეობდა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.
„„საქართველოს ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში და გააუქმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქართული სტრუქტურები“, - აღნიშნულია ანგარიშში
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციას ასახელებდა როგორც მთავარ პრიორიტეტს, ამასთან სისტემატურად ერთვებოდა მტრულ ანტიევროპულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში.
ასეთი მიდგომა ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებთან თანხვედრას და ასუსტებს მის უნარს, გაუმკლავდეს უცხოური დეზინფორმაციის საფრთხეებს, ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიამ პროგრესის მისაღწევად საქართველოს 33 სხვადასხვა სფეროში რეკომენდაციები მისცა.
ყველა ახალი ამბავი
0