ევროკავშირი ლპობისკენ მიდის: შაქარიშვილი საქართველოსა და დასავლეთის მომავალზე

© photo: Sputnik / Alexei Vitvitski / გადასვლა მედიაბანკშიბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2025
გამოწერა
როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თუ ევროპული ბიუროკრატია 2030 წლისთვის შეიცვლება, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, მანამდე კი საქართველოს პოლიტიკა უცვლელი რჩება.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მაშინ, როდესაც ევროკავშირი დაღმასვლის პერიოდს გადის, საქართველომ საკუთარ ინტერესებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და გონივრულად გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა, განაცხადა ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.
2025 წლის ზაფხულში პარტია „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ შესთავაზა 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება შემდეგ კითხვაზე: „უჭერთ თუ არა მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ლგბ- პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ?“ ახლა კი პარტია უკვე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.
ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და ბოლო გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 2026-2030 წლების LGBTQ სტრატეგია არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ვითარება ევროკავშირში არა თუ გაუმჯობესდება, არამედ ძალიან სწრაფი ტემპით მიდის კვდომისა და ლპობისკენ", - განაცხადა შაქარიშვილმა.
მისი შეფასებით, რიტორიკის გაგრძელება იმის თაობაზე, რომ 2030 ან 2050 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება - არის იმ ტყვეობის გაგრძელება, რაშიც ქვეყანა ხელოვნურად აღმოჩნდა მრავალი წლის წინ.
„ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა იმას, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო სხვისი ინტერესებისთვის. სხვა სიკეთეებთან ერთად ღმერთმა გვიბოძა მნიშვნელოვანი აქტივი, რასაც ჰქვია საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა. ეს აქტივი ეფექტიანად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.
გასულ კვირას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თუ ევროპული ბიუროკრატია 2030 წლისთვის შეიცვლება, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, მანამდე კი საქართველოს პოლიტიკა უცვლელი რჩება.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება. მისი თქმით, ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი არსებითი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ რა მოხდა საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0