დავითულიანი: ევროკავშირი დემოკრატიას საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს

© Parliament of Georgiaბექა დავითულიანი
ბექა დავითულიანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2025
გამოწერა
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თანამედროვე სამყაროში დემოკრატია და ღირებულებები ხშირად გამოიყენება როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი და ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის დამყარების საშუალება, განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
ამ მსოფლიოში აღარაფერია დამალული. მათ შორის, გაცხადდა, რომ ხშირად დემოკრატია და ღირებულებები არის ინსტრუმენტალიზებული და ამას იყენებენ ზეწოლისთვის და ქვეყანაში გავლენების მოპოვებისთვის", - განაცხადა დავითულიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
პოლიტიკოსის თქმით, უკრაინის კონფლიქტმა გააშიშვლა ეს სისტემა. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ყველა ძირითად მოთამაშეს - ევროკავშირს, აშშ-ს, ჩინეთს და რუსეთს - საქართველოში ინტერესები აქვს. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს გავლენა სატრანსპორტო დერეფანზე, რომლითაც შეიძლება ჩინური ტვირთები გავიდეს.
დავითულიანის თქმით, თუ ბრიუსელი შესაძლებლად მიიჩნევს ამ გავლენის შენარჩუნებას საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაშიც კი, ის ასეთ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ თუ გადაწყვეტს, რომ ეს პოზიციების დაკარგვას გამოიწვევს, ის სხვა მიდგომას აირჩევს.
„იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც მათი პოლიტიკოსები აკეთებენ, ეს რომ აწყობდეთ, ამ ნაბიჯს უკვე გადადგამდნენ. ეს განცხადებები მათი პოლიტიკის შესაბამისია, რადგან ხედავენ, რომ ჩვენ მათ ყურმოჭრილად არ ვუსრულებთ ყველაფერს“, - აღნიშნა დავითულიანმა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება. მისი თქმით, ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი არსებითი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ რა მოხდა საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0