საბავშვო ბაღების საქმე: კობა გაბუნიას პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2025
გამოწერა
გაბუნიას, რომელიც ფონდის კურატორი იყო, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდში კორუფციის საქმეში ფიგურირებს.
გაბუნიას, რომელიც ფონდის კურატორი იყო, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
აღსანიშნავია, რომ 27 ოქტომბერს დააკავეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი. მათ სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.
გამოძიების მასალების მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11.218.380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9.365.801 ლარს.
გაბუნიას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხება ადრე დაკავებულ დავით ტაბიძეს, ასევე ფონდის პროგრამის და პროექტის მენეჯერებს, პროკურატურამ მათი გირაოთი გათავისუფლება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე დათანხმდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0