ანგარიში გაფართოების შესახებ: საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიისგან ობიექტურობას არ ელის

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2025
გამოწერა
2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ეჭვქვეშ აყენებს ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშის ობიექტურობას, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
4 ნოემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან და იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომლებიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას მიიღო.
„ვხედავთ იმას, რომ ბრიუსელის მხრიდან ნაკლებად არის სურვილი - საქართველოში მიმდინარე პროცესები ობიექტურად იყოს დანახული და აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია მოველოდეთ ობიექტურ შეფასებებს იმ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება მომავალ კვირას. ზოგადად, ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ინსტრუმენტალიზება ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ანგარიშიც იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ბრიუსელისგან, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები ობიექტურად შეეფასებინა.
„აქედან გამომდინარე, რთულია, ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით პოზიტიური ან ობიექტური შეფასებების მოლოდინი გვქონდეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0