რა ნომინაციაში გაიმარჯვა კოლხეთის ეროვნულმა პარკმა World Travel Awards-ზე

© courtesy of Kolkheti National Parkკოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2025
გამოწერა
კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards - ის გამარჯვებულია, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს დაჯილდოებაზე კოლხეთის ეროვნული პარკი „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი-2025" ტიტულის მფლობელი გახდა.
„ეს საერთაშორისო აღიარება ახალი ეტაპია კოლხეთის ეროვნული პარკისთვის, რაც დამატებითი მოტივია მეტი და სწრაფი განვითარებისთვის“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.
ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის — ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
კოლხეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ გასაოცარი ლანდშაფტები, კატერით ან პონტონით პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე გასეირნების დროს დატკბნენ ულამაზესი ხედებით.
World Travel Awards 1993 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში საუკეთესო მიმართულებების გამოვლენასა და დაჯილდოებას. დაჯილდოების ცერემონიაზე ყოველწლიურად ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტია წარდგენილი, რომლებიც ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული.
ნომინანტებს შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.
წლევანდელ World Travel Awards- ზე გაიმარჯვა ბათუმმაც, რომელმაც ტურიზმის „ოსკარი" მეშვიდედ მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0