კალაძე: საქართველოს შესახებ სიცრუეზე დაფუძნებული ALDE-ს რეზოლუცია შედეგს ვერ გამოიღებს

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2025
გამოწერა
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია, რომელიც ტყუილითაა გაჯერებული, ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
ALDE-მ 25 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პარტიის ყრილობაზე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმო საქართველოში არჩევნების გაყალბება და ევროკავშირს მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ ALDE-ს წევრებს შორის არიან ევროპელი ჩინოვნიკები: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი.
„გრძელდება სიცრუის კამპანია. მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საზოგადოება კარგად იცნობს და აანალიზებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ანალიზს აკეთებს თუ რა ხდება", - განაცხადა კალაძემ.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ამ ეტაპზე ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ, საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ასეული წარმომადგენლის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესეს.
ყველა ახალი ამბავი
0