მოლაპარაკებებს ჩინელ ინვესტორთან ბოლომდე მივიყვანთ - კობახიძე ანაკლიის პორტის შესახებ

© Sputnik / Viktor Kaminskyანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2025
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრი და სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მოლაპარაკებები ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხზე ბოლომდე იქნება მიყვანილი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება. ანაკლიის პორტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
„საბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ ამის მიუხედავად, არ ფერხდება პროექტის განხორციელება, გრძელდება დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები, რაც კეთდება ჩვენი რესურსით. ეს სამუშაოები გრძელდება. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ მოლაპარაკებებსაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ეკონომიკის მინისტრი და სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს.
„ჩვენ გვინდა, რომ აქაც მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასეთ პირობებში, თავისი დრო მიაქვს მოლაპარაკებებს, თუმცა ეს არის საჭირო, აუცილებელი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც არის საჭირო“, - აღნიშნა მან.
ანაკლიის პორტის მშენებლობა
ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლიანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0