ინდური კომპანია საქართველოში ნავთობის საბადოებში 50 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

© Ministry of Economy of Georgiaინდური კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში
ინდური კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2025
გამოწერა
დაგეგმილია 7 მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და 2 ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ინდური კომპანია Hindustan Silichine Private Limited დასავლეთ საქართველოში ნავთობის საბადოების განვითარებისთვის 50 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ინდურ კომპანია Hindustan Silicon Private Limited-ს შორის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში კომპანია არსებული ნავთობის საბადოების განვითარების მიმართულებით მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს.
„ეს შეთანხმება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული რესურსების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ნავთობის წარმოების სექტორში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ენერგეტიკის დარგის კურატორმა ინგა ფხალაძემ.
კერძოდ, დაგეგმილია 7 მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და 2 ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
„პროექტის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 50 მლნ ადოლარს შეადგენს. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში 4,15 მლნ დოლარს გადაიხდის", - ნათქვამია განცხადებაში.
Hindustan Silichine Private Limited წარმოადგენს ინდურ მულტი-ბიზნეს ჰოლდინგს, რომელიც ნავთობის მოპოვებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების მიმართულებით საქმიანობს.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.
ყველა ახალი ამბავი
0