შსს: 18-19 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში ადმინისტრაციული წესით 14 პირია დაკავებული

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2025
გამოწერა
მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის რეგულაციები გამკაცრდა
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. 18-19 ოქტომბრის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავეს, განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილია კანონდარღვევის 53 ფაქტი, საიდანაც სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთა ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა - დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის.
„მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს", - განაცხადა სირაძემ.
აღნიშნული ქმედებით აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს კიდევ ერთხელ მოვუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს:
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
პირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;
ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე;
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე;
მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე;
ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე;
არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.
ყველა ახალი ამბავი
0