ტექინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი საბუთების გაცემისთვის სამი პირი დააკავეს

© Tbilisi City Hallტექინსპექტირების ცენტრი
ტექინსპექტირების ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2025
გამოწერა
ბრალდებულებმა ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიშები, რის სანაცვლოდაც, მოქალაქისაგან ფული აიღეს.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამეგრელოში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მუშაობდნენ ფოთში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ევალებოდათ სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება.
„ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიშები, რის სანაცვლოდაც, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან უკანონოდ მოითხოვეს და აიღეს ფულადი თანხა", - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დადგენილია, რომ ტექინსპექტირების ცენტრში, გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე, სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, რასთან დაკავშირებითაც ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0