საქართველოში შესაძლოა 11-წლიანი სასკოლო სისტემა აღდგეს - განათლების მინისტრის განმარტება

© Courtesy of Givi Mikanadzeგივი მიქანაძე
გივი მიქანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2025
გამოწერა
თორმეტწლიანი სასკოლო სწავლება საქართველოს სკოლებში 2005 წელს შემოიღეს, ამავე დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სკოლაში სწავლა ხუთი წლის ასაკიდან დაეწყოთ.
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. 12-წლიან საგანმანათლებლო სისტემიდან 11-წლიანზე გადასვლა ფართო განხილვისა და პოზიციების შეჯერების შემდეგ დაიგეგმება, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების რეფორმა წარადგინა და განაცხადა, რომ საქართველოში სკოლების ნაწილი 11-წლიან სწავლებაზე გადავა.
„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაწყებულია მუშაობა, რომ სასკოლო-საგანმანათლებლო პერიოდი 12-წლიანი სწავლებიდან 11-წლიან სასწავლო რეჟიმზე გადავიდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ისევე, როგორც წარმოდგენილი კონცეფცია, შემდგომი განხილვებისა და პოზიციათა შეჯერებისთვის იქნება ფართოდ განხილული და წარდგენილი სხვადასხვა ფორმატში შესაბამის დაინტერესებულ პირებთან დისკუსიისთვის“, - განაცხადა მიქანაძემ.
ამავე დროს მას მიაჩნია, რომ საგნების სტანდარტებიც უნდა შეიცვალოს.
მინისტრმა განმარტა, რომ შარშან სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა დოკუმენტი, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების სახელწოდებით არის ცნობილი, ეს არის სასკოლო განათლების ერთგვარი კონსტიტუცია და ამ დოკუმენტში, რომელიც შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა, 2004 წლის წინამორბედი დოკუმენტისგან განსხვავებით, არის ორიენტირი ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრებაზე სასწავლო პროცესში.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში საგნების ახალი სტანდარტის განხილვა დაიწყება.
„ეს გახდება ფუნდამენტი იმისა, რომ სამინისტროში შეიქმნება ექსპერტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები და ეს სამუშაო ჯგუფები სწორედ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ახალი სტანდარტების გათვალისწინებით, იმ ეროვნული ღირებულებების კონცეპტუალური გათვალისწინებით, დაიწყებენ ახალი სახელმძღვანელოების, სტანდარტული სახელმძღვანელოების შემუშავებაზე მუშაობას, რომელიც მთლიანად სასკოლო საზოგადოებაში დაინერგება“, - განმარტა მიქანაძემ.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა სასკოლო განათლების რეფორმების ახალ პაკეტს წარადგენს.
სასკოლო განათლება
თორმეტწლიანი სწავლება საქართველოს სკოლებში 2005 წელს შემოიღეს, იმავე წელს მიიღეს გადაწყვეტილება ხუთი წლის ასაკიდან სწავლის დაწყების შესახებ. თუმცა, 2014 წელს სკოლაში შესვლის ასაკი ექვს წლამდე გაიზარდა.
საქართველოს სასკოლო განათლება დაყოფილია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება მოიცავს 1-6 კლასებს, საბაზო განათლება 7-10 კლასებს, ხოლო საშუალო განათლება მოიცავს 11-12 კლასებს.
საბაზო განათლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაასრულონ სკოლა შემდგომში პროფესიული განათლების მისაღებად.
საქართველოში 2.294 სკოლაა, რომელთაგან 2.086 საჯაროა და 208 კერძო.
საშუალოდ, ყოველწლიურად სკოლებს 40 ათასი მოსწავლე ამთავრებს.
ყველა ახალი ამბავი
0