კალაძე პრეზიდენტის სასახლის შტურმზე: პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა

© photo: Sputnikბარიკადების დაწვა აქციაზე. 2025 წლის 4 ოქტომბერი
ბარიკადების დაწვა აქციაზე. 2025 წლის 4 ოქტომბერი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2025
გამოწერა
დაკავებულია 62 მომიტინგე, მათ შორის ხუთი ორგანიზატორი
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებს და იღებს ზომებს იმ პირების მიმართ, ვინც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმში მონაწილეობდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ადგილობრივი არჩევნების დღეს 4 ოქტომბერს ოპოზიციის მიტინგი საღამოსთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმში გადაიზარდა, რაც პოლიციასთან შეტაკებებითა და შემდგომი დაპატიმრებებით დასრულდა.
„პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, უწყება მოქმედებს კანონის ფარგლებში... დაკავების ფორმას რაც შეეხება, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? არის ეჭვმიტანილი, დამნაშავე და ჩვეულებრივად აკავებენ. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, შსს აგრძელებს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მონაწილეთა იდენტიფიცირებას, რადგან მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია.
კალაძის განცხადებით, მიუხედავად მოწოდებებისა რომ კანონის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ, მაინც მიმდინარეობდა პირდაპირი წახალისება ამ ძალადობრივი ქმედებების, საუბრები დამხობაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე, ერთგვარი კამპანია იყო გაჩაღებული. შემდეგ 4 ოქტომბერს ამის აღსრულება სცადეს, მივარდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, ღობე გადაანგრიეს, შეჭრას ცდილობდნენ, აღნიშნა მან.
„რომ არა შსს-ს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც მოიქცნენ კანონის ფარგლებში, რა და როგორ იქნებოდა, არავინ იცის“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ზრდასრული ადამიანები თავიანთ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში თავისუფალი არიან, მაგრამ ცივილიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ კანონდარღვევას რეაგირება მოჰყვება.
სახელმწიფოს მიერ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულების მიმართ ყურადღების მიქცევასთან დაკავშირებით, კალაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა და მზადაა, როგორც ადგილზე დახმარება აღმოუჩინოს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულები სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნოს.
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ამ დროისთვის დაკავებულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. მათ შორის დაკავებულია აქციის ხუთივე ორგანიზატორი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
დაკავებულებს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდამცველებზე ძალადობა და ნივთის დაზიანება ან განადგურება.
ყველა ახალი ამბავი
0