კობახიძე: ჩაკეტილი პოლიტიკური წრე უნდა გაირღვეს

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2025
გამოწერა
„ქართული ოცნება“ ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე პარტიის წინააღმდეგ, რომელთა წევრებიც წარმოადგენდნენ „სისხლიან რეჟიმს“ ან წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიულ საქმიანობას ეწეოდნენ.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ჩამოყალიბდა ჩაკეტილი პოლიტიკური წრე, რომელშიც ერთის მხრივ არის „ქართული ოცნება“, მეორის მხრივ - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, და სანამ ეს წრე არ გაირღვევა, ახალი პოლიტიკური ძალები არ გაჩნდებიან, განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა 15 ოქტომბერს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებების პაკეტს, რომელიც ცალკეული პირებისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის აკრძალვას ითვალისწინებს.
„ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უცხოური აგენტურა. როდესაც ასეთი ორპოლუსიანი სისტემაა ჩამოყალიბებული, არცერთ მესამე ძალას არ ეძლევა იმის საშუალება, რომ რეალურად, რესურსით შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. ჩაკეტილი წრეა ჩამოყალიბებული ხელოვნურად“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე პარტიის წინააღმდეგ, რომელთა წევრებიც წარმოადგენდნენ „სისხლიან რეჟიმს“ ან წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიულ საქმიანობას ეწეოდნენ. კერძოდ, ეს არის „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“.
„სიას დავაკონკრეტებთ მოგვიანებით. მით უმეტეს, რომ ახლაც მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე. ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში. პრინციპი არის შემდეგი - პირველი, როდესაც პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, რა თქმა უნდა, მათ შეეხება შესაბამისი სარჩელი... შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების და ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენის ერთადერთი გზაა.
„აქ რომ იყოს მეორე მხარეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ჩვენ შეიძლება 54% ვეღარ ავიღოთ, იმიტომ, რომ რეალური კონკურენცია გაჩნდება. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს სუბიექტური ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა კი არ არის, ეს არის ობიექტური, ქვეყნის ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა, რომ გაჯანსაღდეს ჩვენთან ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური სისტემა“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორ პრემიერმა აღნიშნა, ალტერნატიული პოლიტიკური ძალის არარსებობამ გამოიწვია ის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიამ 84% მიიღო.
გაუქმების მიზეზები
მმართველ პარტიაში პარტიების გაუქმების საფუძვლად სახელდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას სწავლობდა.
კომისიამ დაადგინა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ხელს უშლიან „საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას".
კომისიის აზრით, „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ხსენებული პარტიები, როგორიცაა „კოალიცია ცვლილებებისთვის" „ძლიერი საქართველო" და „გახარია საქართველოსთვის" „ნაცმოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციაში და კოალიციურ მართვაში არიან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას.
„მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო და სხვა, ქვეყნისა და მისი მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, გარე ძალების ნების შესაბამისად, მათ აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც 2022 წელს მძვინვარებდა საქართველოში და დღესაც, გარკვეულწილად, აქტუალურია. ამით დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისათვის გაწირეს და არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში“, - ნათქვამია ანგარიშში.
ყველა ახალი ამბავი
0