ათონელზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარის გამო ექს-პრეზიდენტი გააკრიტიკეს

© President of Georgia leli blagonravovaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2025
გამოწერა
ექს- პრეზიდენტმა მმართველი პარტია საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც ცდილობს, გააშავოს ქვეყანა და რადიკალებს მხარდაჭერა აღუთქვას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
მანამდე, პრაღაში, Forum 2000 -ზე სიტყვით გამოსვლისას, ზურაბიშვილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმას „მოდელირებული და აბსურდული“ უწოდა. მისი თქმით, ღობეები „თავდასხმისთვის“ წინასწარ იყო მომზადებული, სავარაუდოდ, ადგილობრივი ძალების მიერ, სცენარი კი, შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილის გამოყენებით განხორციელდა. ექს-პრეზიდენტმა მმართველი პარტია ასევე დაადანაშაულა საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობაში.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტი იყო საქართველოს ისტორიაში. ცდილობს, გააშავოს ეს ქვეყანა, ცდილობს, რადიკალებს მხარდაჭერა აღუთქვას და ამას უსუსურად, უარგუმენტოდ აკეთებს“, - განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან.
დეპუტატის თქმით, ექს-პრეზიდენტი აგრძელებს საკუთარი ქვეყნის „გაშავებას" და დამუნათებას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, უარგუმენტოდ და სიცრუის გამოყენებით.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, ახალგაზრდები ჩაითრიეს სისხლის სამართლის დანაშაულში, ზურაბიშვილი კი იმის ნაცვლად, რომ დაეგმო ეს ქმედებები, გამოვიდა და გაამართლა ისინი „ღობე იყო სუსტიო“ და მონაწილეების განზრახვა ეჭვქვეშ დააყენა.
მისი თქმით, ასეთი განცხადებები მიუღებელია იმ ადამიანისთვის, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
„ამას ამბობს ქალბატონი, რომელიც პრეზიდენტი იყო ამ ქვეყნის?! არც ღირს, რომ ამ ქალბატონზე კომენტარი გავაკეთოთ”, – განაცხადა ზარქუამ.
ექს-პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაშიც“ და მოუწოდეს ზურაბიშვილს, თავი შეიკავოს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმისგან.
„ათონელზე მოხდა რაღაცა გაუთვალისწინებელი, რაზე საუბრის კომპეტენცია აქვთ მხოლოდ ორგანიზატორებს“, -განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.
როგორც ოპოზიციონერმა განაცხადა, ათონელზე განვითარებულ მოვლენებთან და ღობესთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთქმულების თეორია უსაფუძვლოა.
„ათონელზე ჩასვლა იყო დაგეგმილი და ჩავედით, მაგრამ რაც იქ მოხდა, ეს არ იყო გეგმის ნაწილი. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია“, - განაცხადა წითლიძემ.
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ დააკავა აქციის 46 მონაწილე და ხუთივე ორგანოზატორი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0