რაჭაში რთველი დასკვნით ეტაპზეა: რამდენი ყურძენია გადამუშავებული ამ დროისთვის

© National Wine Agency of Georgiaრთველი რაჭაში
რთველი რაჭაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2025
გამოწერა
რაჭაში, „ხვანჭკარას" სამშობლოში ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. 15 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2,2 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება - მიმდინარე წელს რაჭაში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებშია.
„რაჭაში რთველი დასასრულისკენ მიდის. მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. რთველს პიკურმა პერიოდმა გაიარა. წელს რაჭაში ყურძენი განსაკუთრებით ხარისხიანია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ წლევანდელი მოსავლის რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი“, - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
სააგენტოს ცნობით, მოსავალი 1,2 ათასმა მევენახემ დააბინავა. რთველის პროცესში 50-მდე ღვინის საწარმოა ჩართული.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.
2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ "ალექსანდროულსა" და 1 კგ "მუჯურეთულზე" 4 ლარს მიიღებენ.
უწყების ცნობით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას" წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა.
ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.
2026 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რთველის ფარგლებში მხარდაჭერას განსხვავებული მიდგომით განახორციელებს. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება.
უწყების ცნობით, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებით ქართული ღვინის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, რაც მას მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.
„რთველი 2025"-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0