სუს-ი: „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან კავშირისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnikსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2025
გამოწერა
საუბარია ტერორისტული იდეოლოგიის ე.წ. თექბირისტების ჯამაათის წევრებზე და მათ „ისლამური სახელმწიფოსთან კავშირზე"
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება, სასამართლო განჩინების საფუძველზე, აჭარის რეგიონში ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ადგილას ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.
როგორც მაღრაძემ განმარტა, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები.
„ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული, ე.წ. „თექბირისტების“ ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის, ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ”, -განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, საქმეში არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა/დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.
გამოძიება სსკ-ის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0