4 ოქტომბრის აქციის ხუთივე ორგანიზატორს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2025
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა შესაძლო პირების იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ხუთივე ორგანიზატორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა.
საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე 5 ოქტომბრის გამთენიისას დააკავეს. საგამოძიებო უწყება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.
სახელმწიფო ბრალდება ხუთივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა სრულად გაიზიარა პროკურორ ვაჟა თოდუას პოზიცია, რომ ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს.
ბრალდების პოზიცია
როგორც საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დგინდება, რომ მათ ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ძალადობრივად ჩართვის მიზნით, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით მოწოდებები გააკეთეს, ისინი რევოლუციის საჭიროებისკენ მოუწოდებდნენ და მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ ხელისუფლებას.
„მათ საზოგადოების ფართო წრეს მოუწოდეს ხელისუფლების დამხობისაკენ. 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ხუთივე მათგანმა მასმედიის საშუალებებით განაცხადეს, რომ ორგანიზატორები იყვნენ", - განაცხადა თოდუამ.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი ქმედების მოწოდების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ დაავალა საზოგადოებას, პოლიციას არ დამორჩილებოდნენ.
„ორბელიანის მოედანზე ისინი ნივთების გამოყენებით მუნიციპალური და კერძო პირთა ქონებას მიზანმიმართულად აზიანებდნენ. მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები და დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეები შენობის ეზოში შეიჭრნენ, პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ქვებისა და სხვა საგნების გამოყენებით", - განაცხადა თოდუა.
მისი თქმით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს არ იყო სპონტანური და ძალადობრივი ქმედებები იყო ორგანიზებული.
„პაატა მანჯგალაძემ მურთაზ ზოდელავასთან ერთად, ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ მათ ნამდვილად გააჩნდათ გეგმა, რომელსაც აქციაზე გააჟღერებდნენ", - განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, პროკურატურა მზადაა წარადგინოს ვიდეო, სადაც ბრალდებულები აცხადებენ, რომ თავად არიან აქციის ორგანიზატორები.
„ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ მიემართებიან დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები პრეზიდენტის სასახლისკენ და როგორ შეიჭრნენ იქ", - განაცხადა თოდუამ.
გარდა ამისა ბრალდების მხარეს აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია ასევე ძალადობრივი ქმედებების შედეგად დამდგარი ზიანი.
ზოდელავას, ბურჭულაძეს და ნადირაძეს ბრალდება სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა შესაძლო პირების იდენტიფიცირების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0