შსს 4 ოქტომბრის მოვლენებზე: დანაშაულში მონაწილე 15 პირიდან 13 დაკავებულია

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2025
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც უკვე დაკავებულია 13 პირი, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, იდენტიფიცირებულია კიდევ ორი პირი, რომელიც მიმალვაში იმყოფება. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით.
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა.
„გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 13 პირი. ესენი არიან: თ.მ; ა,ნ; ბ,ჟ; ბ,მ; ა,გ; ე,შ; გ,რ; ვ,ფ; დ,ს; მ,მ; ზ,ხ; კ,მ და ს,მ. ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში", - განაცხადა დარახველიძემ.
სამრთალდამცველებმა აქციის დაშლის შემდეგ, 5 ოქტომბრის გამთენიისას დააკავეს საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. ხუთივე მათგანს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა ედებათ ბრალად. მათ აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 7 ოქტომბერს იმსჯელებს.
განსაკუთრებით მძიმე, სამი მუხლი აქვს წაყენებული მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს. მათ პროკურატურა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, ჯგუფურად, ხელში ჩაგდებას და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.
ორი მუხლით - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა - გასამართლდება თადარიგის პოლკოვნიკი, გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლაშა ბერიძე. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერ პაატა მანჯგალაძეს, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება მრალად.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს 9 წლით პატიმრობა ემუქრებათ.
4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის ოთხი მუხლით აღიძრა:
317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლების დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომელიც მასში მონაწილეობდა, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.
ყველა ახალი ამბავი
0