ბრძოლა არალეგალებთან: სექტემბერში საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
17:32 01.10.2025 (განახლებულია: 19:49 01.10.2025)
© photo: Sputnik / Stringerტურისტები „თბილისობის" დღესასწაულზე

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა სექტემბრის მანძილზე ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, ქვეყნიდან გაძევებულია რუსეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, თურქეთის, ირანის, ნიგერიის, კამერუნის, სუდანის, ბანგლადეშის, იორდანიის, მიანმარის, ნეპალის, სირიის, აზერბაიჯანისა და ეთიოპიის ჯამში - ჯამში 107 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 852 მოქალაქე გააძევეს. უწყების განცხადებით, ეს რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია და მნიშვნელოვნად აღემატება 2022-2023-2024 წლებში გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას.
1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერებას.
ცვლილებები ასევე შეეხო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადების დარღვევის შემთხვევაში გამკაცრებულია, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.
ახალი წესების თანახმად:
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.