4,2 მლნ ლარის მითვისების საქმე: ბიჭიკო პაიკიძესა და კიდევ ხუთ პირს ბრალი წარუდგინეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2025
გამოწერა
დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების მიზნით ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი 4,1 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) სახელმწიფოს კუთვნილი 4,1 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხუთი პირი დააკავა, ერთზე კი ძებნა გამოცხადდება.
კერძოდ, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია შპს B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, საზედამხედველო კომპანიის (ფრანგული საზედამხედველო კომპანია Egis International) სამი თანამშრომელი, ხოლო შპს B.P. TRANS-ის ყოფილ დირექტორსა და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. პაიკიძე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრია.
ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებას ედავება.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას B.P. TRANS-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე სხვა ბრალდებული პირების დახმარებით მოტყუებით დაეუფლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4.184.249 ლარს.
კომპანიის მფლობელს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სსკის 180-ე მუხლით (დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე კომპანიის დირექტორსა და კომპანიის თანამშრომელს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 25,180-ე და 362-ე (დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სუსში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა შესაძლო პირების იდენტიფიცირების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0