გერმანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს: რაზე ესაუბრეს ფიშერს?

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2025
გამოწერა
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ელჩს განემარტა, რომ ის არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ოთხშაბათს, 24 სექტემბერს განმარტების მისაცემად საგარეო უწყებაში დაიბარეს.
„შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის „შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას".
„ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
„აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ „მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს".
„საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო და გერმანია
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0