პაპუაშვილი: ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა საბავშვო ბაღის დონეზეა

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2025
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ბრიუსელთან „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა აქვს.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა საბავშვო ბაღის დონეზეა და ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ იმაზე მეტყველებს, რომ ისინი გეოგრაფიასაც კი არ აღიარებენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველომ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე მას შემდეგ განაცხადა უარი, რაც მოწვევა ელჩს და არა მინისტრს გაეგზავნა. ხელისუფლებამ ეს საქართველოს მიმართ „ევროკავშირის ინსტიტუტის მხრიდან არასერიოზულ დამოკიდებულებად“ მიიჩნია და საკითხის პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენების მცდელობად შეაფასა.
„ჩვენ ამას შევეჩვიეთ და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა. ეს გადაწყვეტილება იმასაც აჩვენებს, რომ არათუ ფაქტებს უარყოფენ თუ სად არის საქართველო ეკონომიკური განვითარებით, დემოკრატიული, ინსტიტუციური განვითარებით, არამედ ვერ ხედავენ რუკას, არ აღიარებენ გეოგრაფიას. ჩვენ გვაკვირვებს, რომ ისინი არ აღიარებენ მსოფლიო ბანკის და სხვა ორგანიზაციების რეიტინგს. როცა საგარეო პოლიტიკაში გეოგრაფიას არ აღიარებენ, ეს უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს მათზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც სპიკერმა აღნიშნა, საქართველოს ბრიუსელთან „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა აქვს.
„ეს არის ნაწილი იმ არაკვალიფიციური მიდგომისა, რომლითაც, საბოლოო ჯამში, ზიანდება თავად ბრიუსელი. თუ შევხედავთ დიდ ქვეყნებს, ვხედავთ, რა დამოკიდებულება არის ევროკავშირის მიმართ. ეს არის შედეგი იმ სავალალო და არაკვალიფიციური საგარეო პოლიტიკისა, რომელიც არის იქ, სადაც თავის დროზე იყო ესტონეთის სახელმწიფო, როდესაც მისი პრემიერ-მინისტრი დღევანდელი საგარეო კომისარი იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრეს-სპიკერ ანიტა ჰიპერს, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, საპროტესტო აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
„ნაცვლად იმისა, ევროკომისიის სპიკერის მხრიდან 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად ვისმენდეთ, რომ არჩევნების დღეა, მნიშვნელოვანია, ყველამ მიიღოს მონაწილეობა, მივიდეს არჩევნებზე, ეს კონკრეტული სპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის აქციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ განცხადებამ ევროკომისია „აქციებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი“ გახადა.
„4 ოქტომბერს თუ იქნება რაიმე ძალადობა, ერთ ქვასაც თუ ვინმე გაისვრის პოლიციის მიმართულებით, აღარ ვსაუბრობ „მოლოტივის კოქტეილებზე“ და რაღაცებზე, ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობის, გუშინდელი განცხადებით ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი პრეს-სპიკერის სახით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0