საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განაახლეს

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaშეხვედრა ჩინეთის დელეგაციასთან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში
შეხვედრა ჩინეთის დელეგაციასთან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2025
გამოწერა
საქართველოს და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (17%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე), რაც მთლიანი ბაზრის 8,2%-ს შეადგენს.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ და ჩინეთმა განაახლეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით გაიმართა. საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში 2018 წელს შევიდა და მისი მიზანია ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება.
საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩინეთის დელეგაციას - ჩინეთის კომერციის სამინისტროს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჰან ჩანგტიანი.
მოლაპარაკებაზე მხარეები შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების ტექსტის ძირითად ნაწილზე შეთანხმდნენ. ასევე ითქვა, რომ ცვლილებათა ოქმის ოფიციალური ხელმოწერა 2026 წლის პირველ კვარტალში მოხდება.
ასევე განხილულ იქნა საქართველოში წარმოებული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე დაშვების საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ქართული მხარე უახლოეს მომავალში პოზიტიურ სიახლეებს ელოდება.
„ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებლობა ქართველი მწარმოებლებისთვის, პრეფერენციული რეჟიმით პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაყიდონ,“ - აღნიშნა არველაძემ.
მისი თქმით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე აიყვანა - გაიზარდა არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვა, არამედ ხელი შეეწყო ინვესტიციებს, პოზიტიური ტენდენციებია ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით და სხვ.
საქართველო და ჩინეთი
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (17%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე), რაც მთლიანი ბაზრის 8,2%-ს შეადგენს.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
ყველა ახალი ამბავი
0