საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთთან თანამშრომლობის შესახებ კრიტიკას უპასუხა

© Government of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2025
გამოწერა
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველო არაფერს აკეთებს განსაკუთრებულს, უბრალოდ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ის, რაც სხვა ქვეყნებისთვის დასაშვები და ნორმალურია, საქართველოს შემთხვევაში ხშირად ხდება სპეკულაციის საგანი, მათ შორის ჩინეთთან თანამშრომლობა, რაც სრულად შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
დასავლეთის ქვეყნებმა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით. 2023 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. გარდა ამისა, საქართველოსა და ჩინეთს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ რიგი შეტანხმებები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი.
„საქართველოზე როდესაც არის საუბარი, ყველაფერი ხდება სპეკულაციების საგანი და, მათ შორის, ჩინეთთან ურთიერთობებიც. ის, რაც სხვებისთვის დასაშვებია, ჩვენ შემთხვევაში არის ხოლმე მიუღებელი და რატომღაც ასე ხდება წარმოჩენა, რასაც ნამდვილად არ აქვს საფუძველი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო „არაფერს არ აკეთებს განსაკუთრებულს, არამედ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს".
მისი თქმით, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა „ბუნებრივს და აუცილებელს ხდის პარტნიორებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას“, რადგან საქართველო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს ასრულებს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ როლზე, დაკავშირებადობაზე, შეუძლებელია, ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, თუ არ გვექნება ურთიერთობები განვითარებული კარგად ჩინეთთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ეს ურთიერთობები ჩინეთთან იყოს ცუდი და არც სურვილი, რა თქმა უნდა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, საქართველო გააგრძელებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად ურთიერთობას ყველა პარტნიორთან, მათ შორის, ჩინეთთან. მისი თქმით, ასეთი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება, თუ ისინი ხელს შეუწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მისი სტრატეგიული როლის გაძლიერებას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე უპასუხა ოპონენტების კრიტიკას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე საქართველოს არყოფნასთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების არყოფნა იმით ახსნეს, რომ „ჩინეთისთვისაც კი საქართველო არასანდო პარტნიორია“ და რომ „პარტნიორები საერთოდ არ აფასებენ „ქართულ ოცნებას“.
როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, საქართველო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ მიიწვიეს, რადგანაც მას ორგანიზაციაში არანაირი როლი არ აქვს. ქვეყანა მოწვევის შემთხვევაშიც კი შეიძლებოდა კრიტიკის საგანი გამხდარიყო, დასძინა მინისტრმა.
„იქ არსებობს წევრობის გარდა, სხვადასხვა როლი, რასაც სახელმწიფოები ასრულებენ, ამ შემთხვევაში საქართველოს არანაირი როლი არ აქვს შანხაის ორგანიზაციაში და მიუხედავად ამისა, მაინც საქართველო არის საყვარელი კრიტიკის საგანი მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოები არიან იქ წარმოდგენილი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში შედიან: ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, უზბეკეთი და ბელარუსი. დამკვირვებელი ქვეყნები არიან: ავღანეთი და მონღოლეთი, ხოლო პარტნიორი ქვეყნები - აზერბაიჯანი, სომხეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, კამბოჯა, ყატარი, ქუვეითი, მიანმარი, ნეპალი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, თურქეთი და შრი-ლანკა.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
ყველა ახალი ამბავი
0