მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2025
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლომ გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „ნაცმოძრაობის" წევრმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს თანხის გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა.
13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ხაბეიშვილი და ზოდელავა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა 11 სექტემბერს დააკავეს.
სახელმწიფო ბრალდება ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ზოდელავას მიმართ კი პატიმრობის უზრუნველყოფით, 25 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.
დაცვის მხარე მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში კი სასამართლოს გირაოს გამოყენება და სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებები შესთავაზეს. მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის, შინაპატიმრობის გამოყენება. ასევე, შესთავაზეს განცხადებების გაკეთების შეზღუდვაც.
მურთაზ ზოდელავას ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.
რაც შეეხება ხაბეიშვილს, მას ბრალდება სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარედგინა სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს.
ყველა ახალი ამბავი
0