სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2025
გამოწერა
ჯუანშერ ბურჭულაძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს ესწრებოდა თავად ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
ბურჭულაძე ხუთშაბათს, 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს თავდაცვის მინისტრმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით მისმა იმდროინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2.606.272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3.940.000 ლარად.
დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1.333.728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შემდეგი ქმედებები განახორციელა:
2025 წლის იანვარში მან და მისმა მეუღლემ 544.000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხსენებული 544.000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით 2025 წლის მარტში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითიც მან განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1.593.212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის ივლისში ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა გიორგი ხაინდრავა, ვლადიმერ ღუდუშაური და ასევე მინისტრის ნათესავი - დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით.
ბურჭულაძე მინისტრის პოსტს 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე იკავებდა. ამ პოსტზე ის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0