ტრაგიკული პიროვნება - რას ფიქრობს საქართველოს მთავრობა გერმანელ დიპლომატზე

გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი, 2025
გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი, 2025 - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2025
გამოწერა
სამ წელიწადში მან მოახერხა საქართველოსა და გერმანიას შორის 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული საუკეთესო პარტნიორული ურთიერთობების განადგურება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი ტრაგიკული პიროვნებაა და მისი დაცვა ტრაგიკული აქტია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩი პროვოკატორებისა და ექსტრემისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ფიშერს, რომელსაც თბილისში რადიკალების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, მხარი დაუჭირეს გერმანიის მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.
„ფიშერის დაცვა, ესეც ტრაგიკული აქტია. არ მინდა ამაზე განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო. იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, რომ გაძევება მისთვის იქნებოდა საჩუქარი“, - განაცხადა პრემიერმა.
ფიშერმა შალვა პაპუაშვილის ბრალდებებზე საპასუხოდ დაწერა, რომ „კარგი საუბარი“ ჰქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. მან ფიშერს გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა აღუთქვა და „დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებით“.
მისი თქმით, კრიხბაუმმა საქართველოს კურსთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა.
„გერმანიის მთავრობა როგორც ელჩს სრულ მხარდაჭერას მიცხადებს. რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლე არ არის“, - წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.
განცხადება გაავრცელა ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც კატეგორიულად უარყოფს და გმობს უსაფუძვლო ბრალდებებს თავისი დიპლომატის მისამართით.
„გერმანიის ელჩი თბილისში ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებული ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია, რომ დეზინფორმაციისა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივების გავრცელებით პაპუაშვილი აქტიურად უთხრის ძირს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს.
გერმანიის ელჩს მხარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც უჭერს.
„საქართველოში გერმანიის ელჩს სოლიდარობას ვუცხადებთ. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას“, - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია კი მკაფიოა.
„რაც შეეხება ბატონ პეტერს, რომელსაც როგორც ჩანს, აწუხებს ის ბრალდებები, რომელიც ეხება მისი მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერას. თუკი მას ეს ბრალდებები აწუხებს, გამოსავალი არის ძალიან მარტივი - ბატონმა პეტერმა ექსტრემისტებს არ უნდა დაუჭიროს მხარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, არსებობს ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც მიუვარდა დეპუტატ მარიამ ლაშხს, თავს დაესხა ფაშისტური შეძახილებით. ამის შემდეგ ამ ადამიანებს პეტერ ფიშერი შეხვდა თავის საელჩოში, გამოუცხადა მხარდაჭერა და მათ „საქართველოს მომავალი“ უწოდა.
„ამ შეხვედრიდან მეორე დღეს იმავე დაჯგუფება თავს დაესხა „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს. იქაც პოლიტიკური ძალადობით, ფაშისტური შეძახილებით. ის ისევ საჯაროდ უნდა გაემიჯნოს ამ ექსტრემისტულ ჯგუფს, როგორც საჯაროდაც მხარი დაუჭირა მათ იმით, რომ მიიღო საელჩოში და საჯარო განცხადებით დაუჭირა მხარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბი მელიქიშვილის გამზირზე 3 სექტემბერს გაიხსნა. იქ ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები. საღამოს საათებში შენობასთან მთავრობის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, შიგნით კი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. 8 და 9 სექტემბერს საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა. სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ პოლიციამ მოახერხა.
პაპუაშვილის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებას, თუ საჭიროდ ჩათვლის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი უპასუხებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფიშერის ამგვარი ქცევა არ არის პირველი, ის ასევე გორში შეხვდა ექსტრემისტულ ჯგუფს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ელჩის ქმედებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს.

„მან შეძლო, რომ 3 წელიწადში ფაქტობრივად, დაანგრია, 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული საუკეთესო პარტნიორობა საქართველოსა და გერმანიას შორის. იცით, ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული პატივისცემა გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, მათ შორის, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში იმ პერსონალური კავშირების გამო, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებებს შორის არსებობდა და ასე შემდეგ - ბევრი სხვა გარემოების გამო. 3 წელიწადში ამ ადამიანმა მოახერხა, რომ დაიყვანა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ქართულ-გერმანული ურთიერთობები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველო და გერმანია
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0