კალაძე: გერმანიის ელჩი ქართულ საზოგადოებაში ექსტრემიზმს აღვივება

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან
საპროტესტო აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2025
გამოწერა
კალაძის თქმით, ძალზე მძიმეა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი „წითელი ხაზების" გადაკვეთით ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებასა და ექსტრემიზმს აღვივებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ორშაბათს, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩი დაადანაშაულა იმაში, რომ იგი მხარს უჭერს პროვოკატორებსა და დაპირისპირების წამქეზებლებს.
პაპუაშვილის ბრალდებებისა და მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ, ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას „კარგი საუბარი“ ჰქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრ გიუნტერ კრიხბაუმთან. მან ფიშერს გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა აღუთქვა და ასევე „ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმ მიმართულებით, რომლითაც საქართველო ვითარდება“.
„შეიძლება სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს, პიტერ ფიშერს რომ ელჩი უწოდო. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, „წითელ ხაზებს" გასცდა. ის, ჩვეულებრივ, შიდა პოლიტიკურ თემებშია ჩარეული, ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში, რათა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ძალზე მძიმეა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
„ასევე გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ, საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომ დიპლომატებს შესაბამისი პასუხი გასცა – ისინი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველო და გერმანია
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0