სარჯველაძე: თბილისში 2027 წელს ფლებოლოგთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო კონგრესი ჩატარდება

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2025
გამოწერა
საქართველო მზად არის უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კონგრესს - ღიაობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს წილად ხვდა პატივი, 2027 წელს უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო კონგრესს, რაც ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რომში, გლობალურ სამედიცინო სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
ფლებოლოგია მედიცინის ვიწრო დარგია, რომელიც ვენების დაავადებებს შეისწავლის.
ეს პათოლოგიებია: ვარიკოზული დაავადება, თრომბოფლებიტი, პოსტთრომბოზული სინდრომი, ანგიოდისპლაზია (ფლებოდისპლაზია), ფლებოპათია, პეჯეტ-შროტერის სინდრომი და ა.შ.
მიხეილ სარჯველაძე რომში, ვენურ-ლიმფურ გლობალურ სამიტში მონაწილეობს. ყოველწლიური სამიტის მიზანი არსებული მიღწევებისა და ინოვაციების გაცნობაა. ღონისძიებაში 80-მდე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, ფლებოლოგთა ასოციაციების წევრები, ექიმები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები და ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.
„საქართველო მზად არის უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კონგრესს - ღიაობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით. მზად ვართ, რომ მსოფლიო კონგრესი იქცეს არა მხოლოდ წარმატებულ ღონისძიებად, არამედ - მნიშვნელოვან ეტაპად საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამედიცინო პროგრესის წინსვლის საქმეში“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, თბილისი, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქი, უნიკალურ პოზიციას იკავებს, რათა კონტინენტებს შორის დამაკავშირებელ ხიდად და საერთაშორისო სამედიცინო ცენტრად იქცეს, რომელიც ხელს უწყობს დარგის განვითარებას რეგიონში და ამაღლებს მის მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით.
მიხეილ სარჯველაძემ სამიტზე მასპინძლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრ სკილაჩისა და მსოფლიო ფლეგოლოგთა კავშირის პრეზიდენტს, ფერარას უნივერსიტეტის პროფესორ სერჯო ჯანეზინის.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი, მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი, ქართველი ანგიოლოგები, სისხლძარღვთა ქირურგები, ექსპერტები სამედიცინო დარგში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0