ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliშშმ პირი
შშმ პირი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2025
გამოწერა
სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტებისთვის სხვადასხვა დამხმარე სერვისის უზრუნველსაყოფად 1000-ლარიანი კვარტალური ვაუჩერი გამოიყოფა.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ/შშმ) პირებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმი შეიმუშავა.
ახალი მხარდამჭერი სისტემის ფარგლებში ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ხელმისაწვდომია. რეგისტრაციის გავლა 1-ელი სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ-რეჟიმში ვებგვერდზე https://vet.emis.ge არის შესაძლებელი.
მხარდამჭერი მექანიზმის მიხედვით, სსსმ აპლიკანტებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შერჩევის პროცესი პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე წარიმართება, რაც გულისხმობს აპლიკანტის მიერ პროგრამის შესაბამისი აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში.
„მოსინჯვის მიზანია აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევა და მისთვის საუკეთესო, ინფორმირებული პროფესიული არჩევანის გაკეთება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტებისთვის სხვადასხვა დამხმარე სერვისის უზრუნველსაყოფად 1000 ლარიანი კვარტალური ვაუჩერი გამოიყოფა. საჭიროების შესაბამისად, სწავლების პროცესში ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და სასწავლო პროცესის ასისტენტები ჩაერთვებიან და თითოეული სტუდენტისთვის სწავლების ინდივიდუალური გეგმა შემუშავდება.
სსსმ აპლიკანტად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახის სირთულეები (შემეცნებითი, სმენის, მხედველობის, ემოციური, ქცევითი, ფიზიკური და ა.შ.) და სწავლის პროცესში დამატებით დახმარებას საჭიროებს.
ყველა ახალი ამბავი
0