საქართველო-თურქეთის მატჩი: სანიოლმა ფეხბურთელების მზადყოფნაზე ისაუბრა

© Courtesy of Georgian Football Federation ვილი სანიოლი და ხვიჩა კვარაცხელია
ვილი სანიოლი და ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2025
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 სექტემბერს „დინამო არენაზე" თურქეთს უმასპინძლებს, 7 სექტემბერს კი ბულგარეთს დაუპირისპირდება.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი, ერთობლივი ვარჯიშების არასაკმარისი რაოდენობის მიუხედავად, მზადაა თურქეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის, განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს კი ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორთავე შეხვედრა „დიამო არენაზე" გაიმართება.
„სულ ორი ვარჯიში გავმართეთ და, რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის მოსამზადებლად ეს საკმარისი არ არის. თუმცა ნაკრებში ყოველთვის ასე ხდება. გუშინ ნაყოფიერი ვარჯიში გვქონდა და ეს გარემოება ხელს არ შეგვიშლის", - განაცხადა სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მცირე პრობლემა ჰქონდა გუნდის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას, მაგრამ უკვე კარგადაა და მწვრთნელი მისგან კარგ თამაშს ელოდება.
„რას ვაპირებთ კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში? ძალიან სამწუხაროა ორი ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშის გამოკლება, თუმცა ნაყოფიერი ვარჯიშები ჩავატარეთ და იმედიანად ვართ განწყობილი", - განაცხადა სანიოლმა.
გუნდის კაპიტნის, გურამ კაშიას თქმით, ფეხბურთელებმა გაითვალისწინეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩში დაშვებული შეცდომები და განსხვავებულ თამაშს აჩვენებენ.
„მახსოვს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან თამაში, სადაც სამი გოლი გავუშვით. ახლა ბევრად უფრო გამოცდილი გუნდი ვართ, საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ვეცდებით, ქულები ავიღოთ", - განაცხადა კაშიამ.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე გიორგი კვერნაძე გამოიძახა. ეს კვერნაძისთვის პირველ გუნდში სადებიუტო გამოძახებაა. გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ აგვისტოს შუა რიცხვებში გახდა ცნობილი.
საქართველოს ნაკრების რიგებში კიდევ ორი ​​დებიუტანტია: ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური „ეშტორილის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
4 სექტემბერი, საქართველო - თურქეთი,
7 სექტემბერი, საქართველო - ბულგარეთი,
11 ოქტომბერი, ესპანეთი - საქართველო,
14 ოქტომბერი, თურქეთი - საქართველო,
15 ნოემბერი, საქართველო - ესპანეთი,
18 ნოემბერი, ბულგარეთი - საქართველო.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0