ევრობასკეტი-2025: საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2025
გამოწერა
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს „ევრობასკეტზე" ერთი გამარჯვება და ორი მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელები 2 სექტემბერს მასპინძელ კვიპროსთან გამართავენ
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2025 წლის „ევრობასკეტზე" ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი C ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან გამართა და ანგარიშით 53:94 დამარცხდა.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მეტოქესთან ერთი მეოთხედის მოგებაც ვერ შეძლო - 13:22, 16:24, 12:23, 12:25.
დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრების წევრებს შორის 14 ქულით ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო. გიორგი სანაძემ და დუდა შერმადინმა (პლუს 7 მოხსნა) 11-11 ქულა ჩააგდეს, 8 კორსანტიამ (5 მოხსნა), 3 ბოლდუინმა, 2-2 ბურჯანაძემ, ჯინჭარაძემ და შენგელიამ.
შედეგად, სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს „ევრობასკეტზე" ერთი გამარჯვება და ორი მარცხი აქვს - პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი ანგარიშით 83:69 დაამარცხა, თუმცა, მეორე შეხვედრაში იტალიასთან ანგარიშით 62:78 დამარცხდა.
მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელები 2 სექტემბერს მასპინძელ კვიპროსთან გამართავენ, შეხვედრა თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები (თბილისის დროით):
2 სექტემბერი, 19:15
კვიპროსი - საქართველო
4 სექტემბერი, 16:00
საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ტარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.
ევრობასკეტ 2025-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პლეი-ოფის საგზურს ყოველი ჯგუფის ექვსიდან ოთხი გუნდი მიიღებს.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0