გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები

© photo: Sputnik / Stringerეროვნული გამოცდების ცენტრი. აბიტურიენტები შედეგებს ელოდებიან.
ეროვნული გამოცდების ცენტრი. აბიტურიენტები შედეგებს ელოდებიან. - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2025
გამოწერა
შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა.
შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.
წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31.704-მა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს.
2025 წელს დაფინანსდა 11,6 ათასზე მეტი გამოსაცდელი. კერძოდ, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6.500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1.400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4.000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე კი ჩაირიცხა 5.000-მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1.700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს - დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი.
საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება.
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდა - ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
ყველა ახალი ამბავი
0