თბილისი თურქეთის დედაქალაქს პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება

© photo: Sputnikთბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2025
გამოწერა
მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს თურქეთთან აქვს.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლას იწყებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფრენები სექტემბრის ბოლოდან, კვირაში 4 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ავიაკომპანია Ajet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის "თურქეთის ავიახაზების" შვილობილი კომპანიაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 1,2 მლნ-ზე მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47% შეადგინა.
2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 20 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (20 766) 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას.
დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 7 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად გადაყვანილ იქნა 4,6 მლნ მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.
ყველა ახალი ამბავი
0