ევროკავშირს არ ეყოფა სითავხედე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს - დეპუტატი

© photo: Sputnikევროკავშირის დროშები საქართველოს დედაქალაქის ცენტრში
ევროკავშირის დროშები საქართველოს დედაქალაქის ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2025
გამოწერა
სექტემბერში ველოდებით ამ ტიპის განცხადებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურ აჟიოტაჟს გამოიწვევს, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ევროკავშირი არ შეაჩერებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ მიმართავს პროვოკაციებს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად ევროკომისიის მიერ დადგენილი პირობების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლოს იწურება. საქართველოსთვის წაყენებულ მოთხოვნებს შორისაა „უცხოელი აგენტების“ და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონების გაუქმება. საქართველოს ხელისუფლება პირობებს არარეალურს უწოდებს.
„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან არ ვფიქრობთ, ამ დონის სითავხედე ეყოთ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ვიზალიბერალიზაცია გააჩერონ. განცხადებებს სექტემბერში ველოდებით. შეიძლება ისეთი ტიპის განცხადებები იყოს, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ხელოვნური აჟიოტაჟის შემოტანა გამოიწვიოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მოთხოვნებში ორივე კანონის გაუქმების მოთხოვნა სწორედ დესტაბილიზაციიისთვის არის შექმნილი.
„მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეროვნული ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ უარს არ იტყვის არც უსაფრთხოების დაცვაზე და არც ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე. შესაბამისად, არის იმის ალბათობა, რომ კონკრეტული განცხადებები გაკეთდეს სექტემბერში აჟიოტაჟის შემოსატანად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მსგავსი განცხადებების შემდეგ ხალხს ქუჩაში ვეღარ გამოიყვანს.
„თუმცა მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც ქუჩაში ასე მარტივად გამოჰყავდათ, მათმა დიდმა ნაწილმაც ისწავლა თეთრის და შავის გარჩევა. შესაბამისად, ხალხის ქუჩაში გაყვანა ასე მარტივად უკვე აღარ გამოუვათ. ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს ოთხი წლის წინ იყო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0