ევროკომისიის ანგარიშმა აჩვენა საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირის წევრობისთვის - მდინარაძე

© Government of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2025
გამოწერა
როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი, განაცხადა მდინარაძემ
თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. ევროკომისიის მიერ მომზადებული „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში“ ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირის წევრობისთვის, განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში, რომელიც ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერაა მომზადებული და გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს და ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა, ჩანს, რომ საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას მთელი რიგი მიმართულებით უსწრებს.
„ყველგან, სადაც საქართველოს პროგრესის შეფასება რეალურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით ხდება, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაერთ წევრ ქვეყანას“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი.
„ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ და როგორც ჩანს ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ყველა მიმართულებით განიცდის პროგრესს, „დიფ სთეითი“ და ევრობიუროკრატია, რეალურად, სულ სხვა მოთხოვნებს და კრიტერიუმებს უყენებენ მას, მოთხოვნებს, რომლებიც საზიანოა საქართველოს ინტერესებისთვის, სრულიად მიუღებელია და შეუთავსებელია ქართულ იდენტობასთან.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0