სკანდალი იჯარასთან დაკავშირებით: გერმანიის ელჩთან გარიგების გამო ხაზარაძის ოჯახს ამოწმებენ

© Courtesy of Deutsche Botschaft Tiflisპეტერ ფიშერი
პეტერ ფიშერი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2025
გამოწერა
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უცხოელ დიპლომატსა და ოპოზიციის ლიდერს შორის ასეთი კავშირი, სულ მცირე, ინტერესთა კონფლიქტის მაგალითია.
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ოპოზიციური პარტია "ლელოს - საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოში გერმანიის ელჩ ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების ფაქტს სწავლობს.
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც მედიამ სცადა გაერკვია, იხდიდა თუ არა ხაზარაძეების ოჯახი საშემოსავლო გადასახადს და რა პირობებით ქირაობს გერმანელი დიპლომატი მათგან უძრავ ქონებას. საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების იჯარით გაცემის მსურველი ფიზიკური პირები ვალდებული არიან დარეგისტრირდნენ გამქირავებელთა სპეციალურ რეესტრში და გადაიხადონ ფიქსირებული გადასახადი მიღებული შემოსავლის 5%-ის ოდენობით.
„საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მანამდე, 2 აგვისტოს, ხაზარაძეების ოჯახის ადვოკატებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ოჯახის ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებით გაფორმდა ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით.
ადვოკატებმა მედია დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს და ამას პროპაგანდის მორიგი ტალღა უწოდეს, რომელიც მიმართულია როგორც ხაზარაძეების ოჯახის, ისე გერმანიის წინააღმდეგ.
პარტია „ლელოში" განაცხადეს, რომ იჯარის ხელშეკრულების გამოქვეყნების საკითხი ექსკლუზიურად ხაზარაძეების ოჯახის კომპეტენციაშია. ისინი ასევე ვერ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ დიპლომატმა საცხოვრებელი იქირაოს ოპოზიციის ლიდერისგან.
„სახლები პოლიტიკოსებს, ბანკირებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ეკუთვნით. და თუ სახლი პოლიტიკოსს ეკუთვნის, მისი გაქირავება არ შეიძლება? ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ", - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უცხოელ დიპლომატსა და ოპოზიციის ლიდერს შორის ასეთი კავშირი, სულ მცირე, ინტერესთა კონფლიქტის მაგალითია. „ქართული ოცნება" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ურჩევს, ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერსა და მამუკა ხაზარაძეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებში დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევასაც ამჩნევს და ორივე მხარეს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.
„როგორც ხაზარაძე, ისე გერმანიის ელჩი, ორივე არიან პოლიტიკურად აქტიური პირები. ამიტომ საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ამ გარიგების ყველა დეტალი",- განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო როგორც საკუთარი თავი, ისე საკუთარი სახელმწიფო.
მისი თქმით, შეიძლება უხერხულობის მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იყოს.
„დაველოდოთ ინფორმაციას ფინანსებთან დაკავშირებით როგორ ხდებოდა ამ ხარჯების ანაზღაურება, გადასახადების გადახდა და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდაჭერად, ბუნებრივია კითხვები ერთი ორად მძაფრდება. დანარჩენზე საზოგადოება თავად იმსჯელებს", - განაცხადა კობახიძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის მარტში მამუკა ხაზარაძემ მეუღლის, ირინა ხაზარაძის სახელზე გადააფორმა ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 297 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და 749 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა. იმავე წლის ოქტომბერში კი ოჯახმა ეს ქონება გერმანიის ელჩს მიაქირავა.
მედიის ცნობით, იმ მისამართზე, სადაც გერმანიის ელჩი ამჟამად ცხოვრობს, ასევე რეგისტრირებულია შპს „ხაზარაძე ჰოლდინგი", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც თავად მამუკა ხაზარაძეა.
ყველა ახალი ამბავი
0