„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცანავას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა თაღლითობის ბრალდებით დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცანავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს - „ნაცმოძრაობის“ წევრს ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება ედება ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5, 6 ათასი დოლარი მოსთხოვა.
„2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის მოქალაქემ ცანავას მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ცანავა მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისსა და 12 ივნისს თბილისში ცანავასთან შეხვედრებისას მას დამატებით 2,5 ათასი დოლარი გადასცა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, ლაშა ცანავა მის მიერ მოთხოვნილი 5,6 ათასი დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2.650 დოლარს.
გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლით (თაღლითობა) მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0