ზემო აჭარაში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

© National Food Agency of Georgiaაზიურ ფაროსანასთან ბრძოლა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2025
გამოწერა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი ზემო აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ზემო აჭარაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება, აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
სააგენტოს სპეციალისტებმა ხულოს მუნიციპალიტეტში - ვაშლოვანის, სხალთას, დეკანიშვილების, დიდაჭარის და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით 900 ჰექტარი ფართობი დაამუშავეს - მობილიზებული იყო 15 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში ასევე ინტენსიურად ახორციელებენ წერტილოვან წამლობებს ცივი შესხურებით.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
ყველა ახალი ამბავი
0