დეპუტატი: მიგრანტებს შეუძლიათ საქართველოში დაბრუნდნენ და ღირსეული სამსახური იპოვონ

© photo: Sputnik / Stringerნინო წილოსანი
ნინო წილოსანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2025
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ, გასამმაგებულ ეკონომიკას სთავაზობს.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველო ქვეყნიდან წასულ თავის მოქალაქეებს მზარდ ეკონომიკას და ღირსეული სამუშაოს პოვნასა და თვითრეალიზაციაში დახმარებას სთავაზობს, განაცხადა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ უვიზო რეჟიმი რომ არ ყოფილიყო, ქვეყანაში მეტი მოქალაქე დარჩებოდა, რაც სამუშაო ძალას გაზრდიდა და, შესაბამისად, დადებითად აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპზე, კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია. მიგრანტებმა პრემიერ-მინისტრს საქართველოდან სამუშაოდ წასვლის მიზეზები შეახსენეს.
„2012 წლის შემდგომ ქართული ეკონომიკა გასამმაგდა და ბოლო წლების მანძილზეც, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნა ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 0,5%-თან არის მიახლოებული. შესაბამისად, ვთავაზობთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ და იპოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ", - განაცხადა წილოსანმა.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო გაუქმების საკითხი ბოლო წლებში რამდენჯერმე დაისვა. მიზეზები სხვადასხვა იყო, მათ შორის მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით პირველი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიმდინარე წლის 27 იანვარს მიიღო და ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოში 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის საპასუხოდ, რომელიც კრძალავს ლგბტ-პროპაგანდას. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
ამასთან, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში მოგზაურობა ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0