„დარიალზე“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფმა უკრაინელმა დაზიანება მიიყენა: დაწყებულია გამოძიება

© courtesy of Mindia Davitadze„ზემო ლარსი"
„ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2025
გამოწერა
შსს-ი9ს ცნობით, ყველა სახელმწიფო უწყება იღებს საჭირო ზომებს, რათა ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები საკუთარ სამშობლოში დროულად დაბრუნდნენ.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სასაზღვრო გამშვებ-პუნქტ „დარიალზე“, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც რუსეთიდან დეპორტირებული 80-მდე უკრაინელი იმყოფება, უკრაინის ერთმა მოქალაქემ ყელის არეში დაზიანება მიიყენა, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
რუსეთიდან საქართველოს გავლით უკრაინაში დაახლოებით 80 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, რომელთა უმეტესობა რუსეთის ციხეებში სასჯელმოხდილი პირები არიან, თუმცა საქართველომ აღნიშნული პირების ქვეყანაში შემოშვებაზე უარი განაცხადა. შსს-ის ცნობით, ამ ადამიანების უმეტესობა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე შემოსვლის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქემ თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა. იგი ე.წ. ნეიტრალურ ზონაში არსებულ პირობებს აპროტესტებდა და ქვეყნის დატოვების უფლებას მოითხოვდა. მას დახმარება ადგილზე გაეწია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გუშინ, შსს-ის მიერ ინფორმაციით, საქართველომ უკრაინულ მხარეს რუსეთიდან დეპორტირებული და სასაზღვრო გამშვებ-პუნქტ „დარიალის" ტერიტორიაზე ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა, მათ შორის როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით. თუმცა, უწყების განცხადებით, უკრაინას ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
შსს იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0