„დიფ სთეითის“ მხილება: პრემიერმა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორს მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2025
გამოწერა
,თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორ ტულსი გაბარდს „დიფ სთეითის“ გამოაშკარავებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საზოგადოების სრულად ინფორმირების მნიშვნელობას იმ მეთოდების შესახებ, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის იყენებს.
პარასკევს გაბარდმა გამოაქვეყნა ანგარიში მტკიცებულებებით იმის შესახებ, რომ ობამას ადმინისტრაციამ გააყალბა ინფორმაცია 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. მასალების თანახმად, ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელობა მედიას აწვდიდა ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ჰქონდა მტკიცებულებები არჩევნებში მოსკოვის ჩარევის შესახებ. ამასთან, დამალა სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთს არ ჰქონდა განზრახვა და შესაძლებლობები გაეტეხა და შეეღწია აშშ-ის ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში.
„მადლობა უნდა გადავუხადოთ ტულსი გაბარდს „დიფ სთეითის“ მხილებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რადგან სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია“, – დაწერა სოციალურ ქსელში კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მტკიცებულებების დახმარებით გაბარდმა დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. გაბარდის თქმით, ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიფ სთეითის“ მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული, დასძინა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, მონოპოლიზებული მედიის წყალობით მათ შეუძლიათ მარტივად შექმნან საჭირო იმიჯი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, საფრანგეთის ოპოზიციის ლიდერის, მარინ ლეპენის შემთხვევაში. მისი პოპულარობის ზრდისთანავე, მას პრორუსული შეხედულებები მიაწერეს.
„სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიფ სთეითის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიფ სთეითის“ თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება", - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ანალოგიური მეთოდით ჩამოაშორეს პოლიტიკურ პროცესებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კელინე ჯორჯესკუ. ის ჯერ პრორუსად გამოაცხადეს, ხოლო მოგვიანებით სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში პლატფორმა „ტიკტოკის“ მეშვეობით რუსული ჩარევის ეჭვი გამოთქვა და არჩევნები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, გააუქმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოლდოვაში „პრორუსის" იარლიყი გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი სასამართლოს წესით ოპოზიციური ძალების ასაკრძალად ყოველგვარი მტკიცებულების წარდგენის გარეშე.
მან ასევე განაცხადა, რომ მრავალი წელია „დიფ სთეითის“ ანალოგიურ პროპაგანდას ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება. მისი თქმით, ვიქტორ ორბანის ხელისუფლება პრორუსულად გამოაცხადეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ატარებს თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ებრძვის ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას და დგას მშვიდობის მხარეს, ამ შემთხვევაშიც არავითარი მტკიცებულება არ წარდგენილა, დასძინა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, ქართული საზოგადოება ანალოგიურ კამპანიას ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში „დიფ სთეითს“ ჩართული ჰყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი", - დაწერა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, „დიფ სთეითის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ისმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
ხელისუფლება დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
აშშ-მ ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და გარკვეული დაფინანსება. ამასთან, აშშ-მ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
ყველა ახალი ამბავი
0