მარიამ ქვრივიშვილი „თურქეთის ავიახაზების“ ხელმძღვანელს შეხვდა - შეხვედრის დეტალები

მარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2025
გამოწერა
შეხვედრა თურქეთში მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ავიაკომპანიის „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრა თურქეთში მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში „თურქეთის ავიახაზებისა“ და მისი შვილობილი კომპანიის AJet-ის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარების შესაძლებლობა საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდისა და შედეგად, არსებული ფრენებით მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის ჩამოყვანის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა არსებული ფრენების სიხშირეთა დამატების მნიშვნელობას, რაც მეტ სტიმულს მისცემს როგორც უშუალოდ ქვეყნის ტურიზმის ეკონომიკას, ისე გაზრდის ტურიზმიდან შემოსავლებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი მიმართულების დამატების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ ამ მხრივ მოლაპარაკება უახლოეს მომავალში გაგრძელდება.
მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის ავიაციაში არსებულ ტენდენციაზე. მისი თქმით, ამჟამად საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს და რეკორდულია როგორც მგზავრთნაკადი, ისე სიხშირეები და მიმართულებები ქვეყნის აეროპორტებიდან.
მინისტრის თქმით, სწორედ ამ ზრდადი დინამიკის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებითი ინვესტიცია ჩაედო ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურაში - ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, თბილისს კი სრულიად ახალი, თანამედროვე აეროპორტი ექნება, რომელიც გათვლილი იქნება 20 მლნ მგზავრზე.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გადამზიდი ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყნაში ახორციელებს. დღესდღეობით ავიაკომპანია შემდეგი სიხშირით დაფრინავს: სტამბული-თბილისი-სტამბული - 35 სიხშირე კვირაში; სტამბული-ბათუმი-სტამბული - 14 სიხშირე კვირაში. ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების მაჩვენებლით საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერი კომპანიაა წლების განმავლობაში.
საქართველო და თურქეთი
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0