დაპირისპირება ხანდაზმულ მამაკაცსა და პოლიციას შორის: რა მოხდა ამაღლების ქუჩაზე

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2025
გამოწერა
ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარასკევს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც თბილისში სამართალდამცველებსა და ხანდაზმულ მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა ამაღლების ქუჩაზე, მოპედის მძღოლი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც იქვე გამვლელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 1993 წელს დაბადებული გ.კ. მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება და ავტომობილის მძღოლს კანონის შესაბამისად, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ალკოტესტზე/ნარკოტესტზე შემოწმების გავლა მოსთხოვეს, რაზეც აღნიშნულმა პირმა განაცხადა უარი და პოლიციის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გ.კ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ადგილზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
„ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი (ხანდაზმული მამაკაცი - რედ.) სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ“, - განაცხადეს უწყებაში.
სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინციდენტის ბოლო ეპიზოდის ამსახველი მასალა, რაც არ ასახავს ინციდენტის სრულ სურათს, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ სამართალდამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები, განაცხადეს უწყებაში.
ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა პოლიციელისთვის სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლის ფაქტზე ხანდაზმული მამაკაცი.
ყველა ახალი ამბავი
0