უცხოური გრანტების მიღება საქართველოში: ახალი წესები

© photo: Sputnik / Svetlana Shevchenkoაშშ-ის დოლარები
აშშ-ის დოლარები - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2025
გამოწერა
საქართველოში გარედან ფინანსური დახმარების მიღების მონიტორინგის მექანიზმები ჩამოყალიბებულია და პროცესი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაქვეყნა ინსტრუქცია საქართველოში ორგანიზაციების მიერ უცხოური გრანტების მიღების ახალი წესების შესაბამისად.
მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა გაამკაცრა კანონი „გრანტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც უცხოური დაფინანსების მისაღებად სპეციალური თანხმობაა საჭირო. უცხოური გრანტების რეესტრი 10 ივლისს ამოქმედდება. მთავრობის ინსტრუქციის თანახმად, საქართველოში გრანტების მისაღებად საჭირო იქნება გარკვეული პროცედურის გავლა და სპეციალური ფორმის შევსება.
ტერმინოლოგია
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
გრანტად მიიჩნევა აგრეთვე, გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპეტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით, ან ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემული ის სახსრები, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით.
ამ წესის მიზნებისთვის უცხოური გრანტის გამცემად (დონორად) მიიჩნევა საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
თანხმობის მოპოვება:
თანხმობის მისაღებად საჭიროა გრანტის წერილობითი პროექტის, ასევე გრანტის გაცემის შესახებ დონორის წერილობითი გადაწყვეტილების წარდგენა.
შევსებულ სპეციალურ ფორმასთან ერთად წარწდგინება როგორც ხელშეკრულების ორიგინალი, ასევე მისი თარგმანი ქართულ ენაზე.
ფორმაში მითითებულია დონორისა და მისი პარტნიორის სახელი, გრანტის მიმღები, შეთანხმების თარიღი, გრანტის ოდენობა საწყის ვალუტაში, პროექტისა და მისი მიზნის მოკლე აღწერა, სახელმწიფოს პრიორიტეტებთან შესაბამისობა, მხარეთა რეკვიზიტები და კომენტარები.
მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს გრანტის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ, რაც გულისხმობს გრანტის გამოყენების შეფასებას და მისი მიზნების დადგენას სამთავრობო პროგრამების ან სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.
რა სახის გრანტებისთვის მთავრობის ნებართვა არ არის საჭირო:
საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე
საქართველოს ფარგლებს გარეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე;
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამა „ერაზმუს+“ („Erasmus+“), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ („Creative Europe“) პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებზე;
საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო გასცემს გრანტის მიღების ნებართვას, ამოწმებს მისი დანერგვის პროცესს და აკონტროლებს კანონის აღსრულებას. ბიუროს უფლება აქვს მოითხოვოს ფინანსური ანგარიში და საჭირო ინფორმაცია, მათ შორის სპეციალური კატეგორიის პერსონალური მონაცემები. თუ ინფორმაცია საჯარო არ არის, ბიუროს შეუძლია სასამართლოს მიმართოს.
გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე იწვევს გრანტის ორმაგი ოდენობის ჯარიმას.
ყველა ახალი ამბავი
0