თურნავა: აქტიურად ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რომ მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2025
გამოწერა
უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის, CIPS-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტ პან გონგშენთან შეხვედრისას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის თანამშრომლობის პროგრესი განიხილა, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მხარეების შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 95-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა.
ჩინეთის სახალხო ბანკთან მემორანდუმი მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
„ბაზელში, პან გონგშენთან შეხვედრისას გავცვალეთ ინფორმაცია, რა პროგრესი გვაქვს ჩვენს ბანკებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. აქტიურად ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რათა მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით. გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით წინსვლა. არის რაღაც მიმართულებები, სადაც მინდა, უფრო მეტად დაგვეხმარონ, დავაჩქაროთ თანამშრომლობა და ამაზეც გვქონდა საუბარი“, – აღნიშნა თურნავამ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის, CIPS-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი.
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს მიმდინარე წლის მარტში ჩინეთში საქართველის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
სებ-ის ინფორმაციით, მემორანდუმი მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0