საქართველოს საგარეო უწყებას ირანის საელჩოში სტუმრობის გამო თავის მართლება მოუწია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2025
გამოწერა
ისრაელის საელჩო საქართველოში ღრმად შეშფოთებულია ხვთისიაშვილის ვიზიტის გამო ირანის საელჩოში
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მხოლოდ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერი გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა განცხადება გაეკეთებინა მას შემდეგ, რაც ირანის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ხვთისიაშვილმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი და ირანისადმი სოლიდარობა გამოხატა, რამაც ისრაელის მხრიდან აღშფოთება გამოიწვია.
„2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“, – აღნიშნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველო ღრმად შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით და ხაზს უსვამს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მანამდე საქართველოში ისრაელის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა შეშფოთება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ქმედებების გამო.
„მაშინ, როდესაც დასავლეთი ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ირანის თავდასხმებს გმობს და მხარს უჭერს ძალისხმევებს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შესაჩერებლად, ღრმად იმედგამაცრუებელია იმის დანახვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მსგავს ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს მორალურად არასწორია“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
13 ივნისის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივმა თეირანი საიდუმლო ბირთვული პროგრამის რეალიზაციაში დაადანაშაულა. სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა ატომური ობიექტები, გენერალიტეტი, ბირთვული ფიზიკის მეცნიერები, ავიაბაზები, საჰაერო დაცვის სისტემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები. ისლამურმა რესპუბლიკამ საპასუხო ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3“ დაიწყო და ისრაელის სამხედრო ობიექტებს თავს დაესხა.
22 ივნისის საღამოს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-მ ირანის სამ ბირთვულ ობიექტს ნათანზში, ფორდოსა და ისპაჰანში დაარტყა.
12-დღიანი ურთიერთდაბომბვების შემდეგ დაპირისპირებაში აშშ ჩაერთო: 22 ივნისს შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებს ერთჯერადი დარტყმა მიაყენა. ამის შემდეგ ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა კატარში მდებარე ელ-უდეიდის ბაზაზე და განაცხადა, რომ არ სურს ესკალაციის გაღვივება.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კატარში ამერიკულ ბაზაზე დარტყმით ირანმა „ორთქლი გამოუშვა“ და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის დამყარება უკვე შესაძლებელი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0