პრეზიდენტმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები დააჯილდოვა

© European Judo Unionსაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2025
გამოწერა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო - მილიონი ლარი გადაეცემა.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ძიუდოისტებს მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცეს და მათ მადლობა გადაუხადეს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო - მილიონი ლარი გადაეცემა.
„სპორტი არის სწორედ ის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ავწიოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა და შევასრულოთ ჩვენი ეროვნული ჰიმნი. მადლობა იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპორტში გვაქვს განსაკუთრებული წარმატებები. პირველად შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ერთდროულად გავხდით როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონები. დღეს ერთდროულად ვატარებთ ორივე ტიტულს და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად იზრუნოს სპორტის განვითარებაზე. მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, პრემიერის თქმით, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ეს ხელს შეუწყობს როგორც მასობრივი სპორტის, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას. მულტიფუნქციური ცენტრების განვითარების საბოლოო გეგმაში ძიუდოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი.
ისტორიული სპორტული მიღწევისთვის ღირსების ორდენები გადაეცათ გიორგი სარდალაშვილს, ლუკა მაისურაძეს, მიხეილ ბახბახაშვილს, მარიამ ჭანტურიას, სოფიო სომხიშვილს, ეთერ ასკილაშვილს, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელ კახაბერ მოცრაძეს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს და ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ექიმებს - ავთანდილ თელიას და გიორგი მგელაძეს.
ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, ნინო ლოლაძე, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ეროვნული ნაკრების ექიმი გიორგი კაზალიკაშვილი.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ყველა ახალი ამბავი
0