ნარკომანიით დაავადებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის პირველი სტაციონარი გაიხსნა

© Courtesy of Georgian Ministry of Labour, Health and Social Affairsნარკომანიით დაავადებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის პირველი სტაციონარი გაიხსნა
ნარკომანიით დაავადებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის პირველი სტაციონარი გაიხსნა - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2025
გამოწერა
სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებით მკურნალობა სავალდებულო გახდა, თუმცა "განსაკუთრებულ შემთხვევებში".
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. ახალი სტაციონარი 22 პაციენტზეა გათვლილი და უახლოეს მომავალში საწოლფონდის პერიოდულად გაზრდა იგეგმება.
უწყების ინფორმაციით, სამედიცინო განყოფილება შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით გაიხსნა.
მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ნარკოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები.
სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობა წარიმართება თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად იქნება მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
2025 წელს საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასა და სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სასჯელის ვადების შეცვლას ისახავს მიზნად.
ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებით მკურნალობა სავალდებულო გახდა, თუმცა "განსაკუთრებულ შემთხვევებში". კერძოდ, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, მოსამართლე დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა მას სავალდებულო მკურნალობა.
ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის ფიზიკურ პირს სასჯელთან ერთად ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია დაენიშნოს სავალდებულო მკურნალობა, არაუმეტეს 2 წლის ვადით.
სასამართლო უფლებამოსილია შეწყვიტოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, თუ პირის ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე ისე შეიცვალა, რომ საჭირო აღარ არის აღნიშნული ღონისძიების გამოყენება.
ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზნებია: ახალი დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილება; საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის დაცვა; დანაშაულის ჩამდენი პირის განკურნება.
ყველა ახალი ამბავი
0